სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოშიშიდა ქართლშიხაშურის მუნიციპალიტეტისდაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე დიდი ბრძოლები წარმოებს სურამის ციხის ირგვლივ. იგი ამ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთისინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობს და ისევ „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიება[10].
XVIII საუკუნის შუა წლები მძიმე პერიოდია სურამის ციხის ისტორიაში. მასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა სწორედ ამ პერიოდის „შავ ჭირს“ ყიზილბაშობას განეკუთვნება. 1742-1745 წწ. ყიზილბაშთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი გახდა. სურამის ციხესთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთა სპარსეთ-ოსმალეთის ინტერესები. სპარსეთი მის სწრაფ დაკავებას ცდილობდა, ხოლო ოსმალეთი გივი ამილახვარს ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მის გამაგრებაში. 1744 წელს ნადირ-შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II დაამტკიცა, ხოლო კახეთში მისი ძე ერეკლე II. ეს იყო გივი ამილახვარის ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოჩენილი მედგარი წინაღმდეგობის შედეგი. ნადირ-შაჰი იძულებული იყო „ყიზილბაშობა“ „ქართველობით“ შეეცვალა[11].
ამ გარემოებამ გარკვეული როლი ითამაშა აჯანყების შემდგომ განვითარებაზე. აჯანყებას იდეური საფუძველი გამოეცალა, ანუ რისთვისაც აჯანყება დაიწყო ის შედეგი უკვე მიღწეული იყო, მაგრამ გივი ამილახვარი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. სურამის ციხესთან ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკების შედეგად ამილახვარი დანებდა. მან კარგად დაინახა წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა და თეიმურაზ მეფეს შეუთვალა, ჩემთან დედოფალი თამარი მობრძანდეს და იმას მივენდობიო. მართლაც დედოფლის სურამში მისვლის შემდეგ ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და თამარს თბილისში გაჰყვა. თეიმურაზ მეფემ ირანის მბრძანებელთან ქაიხოსრო ორბელიანი გააგზავნა და მოახსენა გივი ამილახვრის შერიგება, თან მისი დანაშაულის პატიებასაც სთხოვდა[12]. ნადირ-შაჰს ძალიან გაუხარდა სურამის ციხის დაკავება და წყალობას არ იშურებდა, გივი ამილახვარი თეიმურაზს მიანდო, მეფემ კი ამილახორს სახლთუხუცესობა უბოძა და თბილისში დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ირანის შაჰი ბოლომდე არ ენდობოდა ქართველებს და ბრძანა ამილახორის ციხეების დაქცევა. შაჰის ბრძანებით სურამის ციხე კეხვის ციხესთან ერთად დანგრეულ იქნა. იგი 1756 წელს აღადგინეს. ამ დროს აქ ერეკლე II-ს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული[13].
სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ხან იტრიელი ჩხეიძეების ხელში იყო, ხანაც სურამელი მურვანიშვილები ფლობდნენ. 1764წელს კი ერეკლე მეფე სურამის ციხეს ოსიაურის ციხესთან ერთად დროებით გადასცემს თარხანოვებს[14].
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ქართველ მორიგეებთან ერთად აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს, რაც განპირობებული იყო სამეფოს დასავლეთი საზღვრების დაცვის აუცილებლობით. 1787 წელს რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სურამის ციხიდან რუსული გარნიზონი გაიწვიეს. 1791 წელს ერეკლე მეორის ანდერძში სურამის ციხე კვლავ საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული.
XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სურამის ციხე ზემო ქართლში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტია. 1801 წლის შემდგომი და XIX საუკუნის 20-იანი წლების წყაროებზე დაყრდნობით სურამის ციხე კვლავ მოქმედია[15]XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან მას გამოეცალა ის ფუნქცია, რისთვისაც იგი ააგეს ამ ადგილას. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწიეს და სურამის ციხე დარჩა საქართველოს წარსულის ერთ-ერთ მოწმედ.

Comments

Popular posts from this blog

სურამის ღვთაების ეკლესია